***

როცა მე ნუგეშს დავეძებდი გმობის ავდარში,
მე შენ გინატრე, სიზმარივით მედექ ვარსკვლავად.
მაგრამ შემაკრთო, გაღვიძებულს გლოვის კარავში,
ხილვამ – ნიმფების ჯაშუშები გედგნენ დარაჯად.
შემრცხვა ღვთის თვალში, მზემ სხივებით გამამასხარა,
როცა გამივრცო დამარცხება ბრმების ქვეყანას.
გადიტვირთება დრო და გასცემს დასამარხავად
მის დღეებს – მგზავრებს უკუნისკენ, შენსა მშვენებას.
ვიცი, პატოსებს აწ არ მომგვრის სახე მწყაზარი,
მანკიერება ჩადგა შუა გამომძარცველი
ყველა ნატიფი გრძნობების… და სახეს თავშალში
წყრომით მალავენ ღვთის რჩეული ბანოვანებიც.
არა, არა ჰგავს ზურგის აღქმას და შეკრულობას
აზრთა თანხვედრის, უზენაეს დიდებულების.
სულმა შეიპყრო მის ფერთხმულნი და ერთგულობას
დაეტყოთ ეჭვის ნაპრალები ცოდვის ღრუებით.
ნიშნის ისარმა ჩამიქროლა იონათანის:
„ახლოს არ არის, შორს ეძებე შენგან ძალიან…“
ვით უიმედო ეტლითა და დროთა ქარავნით
ნუთუ მე შენგან ეშმის სული მძევლად წამიყვანს?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *